სტატიები

არანებაყოფლობითი ,,ნ ა რ კ ო ტ ე ს ტ ი რ ე ბ ა“.

როდესაც პოლიციელი გთხოვთ წაყოლას ნარკოტესტირებაზე შესამოწმებლად თქვენ ვალდებული ხართ დაემორჩილოთ პოლიციელის მოთხოვნას. ამ დროს აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თავად პოლიციელი იცავს თქვენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის უფლებას არ მისცეთ საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის დროს და უარი განაცხადოთ შემოწმებაზე.

(კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი)
არანებაყოფლობით ,,ნარკოტესტირებად“ ითვლება შემთხვევა, როდესაც პირს მისი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ აიძულებენ თანხმობა განაცხადოს ბიოლოგიური მასალის (შარდის/ სისხლის) ჩაბარებაზე ( ლაბორატორიული შემოწმება) ან/და ექიმის მიერ დათვალიერებაზე (კლინიკური შემოწმება) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით.

ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-20 და მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის უფლებას, ასევე ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 8-ე პუნქტით განმტკიცებულ ადამიანის უფლებას არ მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება.

მას შემდეგ რაც პიროვნებას პოლიციის თანამშრომლები წარადგენენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ნარკოლოგიური სამსახურში (ნარკოლოგიური კვლევის კაბინეტში) შემოწმების ჩასატარებლად, პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნარკოტესტირებაზე და აღნიშულის შესახებ შუამდგომლობით მიმართოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ნარკოლოგიური სამსახურს. შუამდგომლობაში აღნიშნულ იუნდა იყოს, რომ წარმოდგენილი პირი უარს აცხადებს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებასა და კლინიკურ შემოწმებაზე კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 18-ე და 20-ე მუხლებზე აპელირებით.

მოქმედი კანონმდებლობით ერთმანეთისგან გამიჯნულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა - ლაბორატორიული (ტესტირების) ან/და კლინიკური გამოკვლევის ჩატარების გზით და ადმინისტრაციული დაკავება. ადმინისტრაციული დაკავება არაუმეტეს 12 საათით ხდება იმ დროს, როდესაც პირი უარს აცხადებს საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანაზე. ამგვარ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია, პირი დააკავოს ადმინისტრაციული წესით და იძულებით წარადგინოს გამოსაკვლევად შესაბამის დაწესებულებაში. თუმცა რაც შეეხება იძულების გამოყენებას უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შესახებ შემოწმების ჩატარებისას -ანუ ,,იძულებით ნარკოტესტირებას“- ამგვარი მოქმედება დასაშვებია მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში სასამართლოს განჩინებით, რომლის მისაღებად მინიმუმ დაწყებული უნდა იყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწნებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ან გამომძიებლის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის დროს.

პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია საკმარისი საფუძვლის არსებობისას პირი გამოსაკვლევად წარადგინოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში.-საკმარისი საფუძველი განსაზღვრულია შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის #725-ე ბრძანებით, რომლის მე-3 მუხლის თანახმად ( ამჟამად აღნიშნულ იმუხლის კონსტიტუციურობას განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე) ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით მოსამსახურე (პოლიციის თანამშრომელი) უფლებამოსილია, პირი სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს, ბ) საპოლიციო უფლებამოსილებათა განხორცილებისას, კერძოდ პირის იდენტიფიკაციის, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერების, სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების, სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ადგილის დატოვების მოთხოვნის და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის, დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და ამავდროულად არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს სსიპ – „112“-ში შესული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ.

რაც შეეხება გამოსაკვლევად წარდგენის პროცედურას. თავდაპირველად, პოლიციის თანამშრომელი სთავაზობს შესამოწმებელ პირს ნებაყოფლობით წაყვეს ნარკოტესტირებაზე, უარის თქმის შემთხვევაში კი წარდგენა ხდება იძულებით, რა დროსაც გამოიყენება ადმინისტრაციული დაკავება არაუმეტეს 12 საათის მანძილზე. დაკავების ქვეში მყოფი პირის მიმართ ზოგჯერ ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიციელების და საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურის თანამშრომელთა მიერ, რაც გულისხმობს იმის შთაგონებას, რომ ჯობია გამოსაკვლევი პირი ნებაყოფლობით დათანხმდეს ბიოლოგიური ნიმუშის ჩაბარებაზე, წინააღდეგ შემთხვევაში მოუწევს კიდევ რამდენიმე საათი დაყოვნება. ზოგჯერ ხდება საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა რაც ასევე წარმოადგენს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას. ამ კუთხით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული დაკავება გამოიყენება კონკრეტული მიზნით რათა უზრუნველყოფილი იყოს პირის წარდგენა საექსპერტო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში კი როდესაც პირი უარს განაცხადებს ნარკოტესტირების გავლაზე ( როგორც ლაბორატორიული ისე კლინიკური შემოწმების გზით) აღარ არსებობოს დაკავების გაგრძელების საფუძველი და პირი უნდა დაექვემდებაროს გათავისუფლებას.

არარეალურია საექსპერტო სამსახურის თანამშრომელთა მხირდან მუქარა, რომ ,,პირის ურჩევნია ჩააბაროს ბიოლოგიური მასალა თორემ კლინიკურიდ დადგინდება ნარკოლოგიური თრობის ფაქტი“ სინამდვილეში ასეთი არგუმენტი მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს პირის დაყოლიება საკვლევი ნიმუშების ნებაყოფლობით ჩაბარებაზე. ასეთი მუქარის რეალურად განხორციელება ყოველთვის შეიცავს არსებითად სახიფათო ასპექტს თავად საექსპერტო დაწესებულების თანამშრომელთათვის, რადგან ყოველთვის არსებობს ვარაუდი, რომ პიროვნებას ნარკოტიკული საშუალება არ აქვს მოხმარებული და თუ შემდგომში დამატებით ჩატარდება ლაბორატორიული ექსპერტიზა, რომელიც საწინააღდეგო შედეგს აჩვენებს, შესაძლებელი გახდება პროკურატურისთვის მიმართვა ყალბი დასკვნის შედგენის ბრალდებით.

ჩვენი მისამართები

საგარეჯო ერეკლე II №15 ოფისი №12

თბილისი აგლაძის №15 IV სართული ოფისი №1

საკონტაქტო ტელეფონები

  0(351) 24-10-10
  (+995) 598 966 664
  (+995) 599 13 20 38
  (+995) 599 85 10 76

სოციალური კავშირი