სტატიები

მშობელთა საალიმენტო მოვალეობები (ზოგადი საფუძვლები)

არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლებს შორის შეთანხმება ალიმენტის ოდენობაზე, ვერ შედგა ალიმენტის ოდენობა უნდა განსაზღვროს სასამართლომ. ასეთ შემთხვევაში მშობელს რომელთანაც იზრდება ბავშვი უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს. სასამართლო ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით რა დროსაც მხედველობაში მიიღება მშობელთა მატერიალური მდგომარეობა. საქართველოში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ალიმენტის ოდენობა მინიმუმ განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით.

საყურადღებოა, რომ ალიმენტის თაობაზე მშებლების შეთანხმება დამოუკიდებელია ბავშვთან ურთერთობის წესის განსაზღვრისგან. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა არაა დამოკიდებული იმაზე აქვს თუ არა მშობელს ურთერთობა შვილთან, შესაბამისად, დავის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში არასათანადო არგუმენტია მითითება იმის თაობაზე, რომ მეორე მშობელი უკრძალავს მამას/დედას შვილთან ურთიერთობას და ამიტომ არ ხდება სარჩოს გადახდა. სათანადო არგუმენტს არ წარმოადგენს მითითება იმის თაობაზეც, რომ ერთ-ერთი მშობელი უმუშევარია და მას საერთოდ არ შეუძლია ალიმენტის გადახდა, თუმცა როდესაც შესძლებს აუცილებლად გადაიხდის. ასევე, არასათანადო არგუმენტია მითითება იმის თაობაზე, რომ ბავშვისთვის გადახდილი ალიმენტი შესაძლებელია მეორე მშობელმა გამოიყენოს პირადი მიზნებისთვის.

მშობლებს, მათი ურთიერთდამოკიდებულების და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, აქვთ ვალდებულება იზრუნონ შვილების რჩენა-აღზრდაზე, მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად. ალიმენტის გადახდევინება კი მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მხოლოდ ჩვეულებრივი ყოფითი პირობების შექმნას, არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ბავშვს ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

საალიმენტო დავების განხილვის დროს გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სასამართლოები ფართოდ იყენებენ ბავშვის უფლებათა კონვენციის დებულებებს. ბავშვის უფლებათა კონვენციით ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, სწორედ ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს გააჩნია დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება, მისი ასაკისათვის შესაფერის თამაშობებსა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, აგრეთვე უფლება, თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში, ეზიაროს ხელოვნებას.

როგორია სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ მშობელთა საალიმენტო მოვალეობების სამართლებრივ საფუძვლებს?

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის შესაბამისად, მშობლების უფლებების დაცვა არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

4. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

ჩვენი მისამართები

საგარეჯო ერეკლე II №15 ოფისი №12

თბილისი აგლაძის №15 IV სართული ოფისი №1

საკონტაქტო ტელეფონები

  0(351) 24-10-10
  (+995) 598 966 664
  (+995) 599 13 20 38
  (+995) 599 85 10 76

სოციალური კავშირი